Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ქართველებთან არ უნდა გვეომა

აფხაზი დედის წერილი ქართველ მეომარს

ქმარი, 4 წლის გოგონა და ძმები დამიხოცეს ქართველებმა, მაგრამ ბევრი კარგიც მახსოვს...

ჟურნალი "გზა", 2010 წელი

"გამარჯობა, შვილო... მე იმ ბიჭის დედა ვარ, რომელსაც თქვენ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, სიცოცხლე აჩუქეთ. ჩემი მეორე შვილი ქართულ-აფხაზურ ომს შეეწირა. ნეტავ, იმ ომში წასულ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთისთვის ეკითხათ გვარები - იქნებ, ეს სისხლისმღვრელი ომი არ დაწყებულიყო... ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ქართველებთან არ უნდა გვეომა. მაშინ ბიჭვინთის ერთ-ერთ სკოლაში ვმუშაობდი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და როცა ჩემი აზრი პირველად ვთქვი, კოლეგებმა უხეშად მითხრეს, - ამას იმიტომ ამბობ, რომ ქართველმა შვილი გადაგირჩინა, მაგრამ ნახე, რამდენი გამწარებული დედაა აფხაზეთში, ხომ არ დაგავიწყდა, როგორ ხოცავდნენ ჩვენს ბიჭებსო?! შორს რისთვის წავიდე - ქმარი, 4 წლის გოგონა და ძმები დამიხოცეს ქართველებმა, მაგრამ ბევრი კარგიც მახსოვს-მეთქი. ამის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს... თქვენმა საქციელმა ყველაფერი სხვაგვარად დამანახვა.... ვინ იცის, იქნებ დადგეს დრო და ერთმანეთს პატიება ვთხოვოთ საკუთარი ცოდვების გამო. ამ წერილის ტექსტს ლათინური ასოებით, დიდი რისკისა და იმედის ფასად გწერთ. იმედი მაქვს, თქვენამდე მოაღწევს, შვილო. მუდამ თქვენზე მლოცველი, მარინა ახუბა", -

ეს იყო პირველი წერილი, რომელიც აფხაზმა ქალბატონმა ქართველ ბიჭს 1997 წლის იანვარში მისწერა. კონვერტს ლათინური ასოებით, ცოტა არ იყოს, გაურკვეველი მისამართი ეწერა, - ქ. თბილისი და იმ სამხედრო ნაწილის დასახელება, რომელშიც ჩვენი რესპონდენტი მსახურობდა. ამიტომაც მან ადრესატამდე წლისა და 5 თვის შემდეგ მიაღწია. ადრესატი კი ასე იხსენებს ყველაფერს: 

-ძმაკაცები შევიკრიბეთ და აფხაზეთის ომში გავიპარეთ. სკოლა იმ წელს მქონდა დამთავრებული. ოჯახში რომ გვეთქვა, ამის უფლებას არც მოგვცემდნენ, ჩვენ კი ბრძოლის ჟინი გვკლავდა და "გავიქაჩეთ". ერთმანეთს ვასწრებდით, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ მივქარეთ. რამდენიმე დღეში 2 ბავშვობის მეგობარი თვალწინ მომიკლეს და ეს ჯერ კიდევ არაფერია... ახლა, როცა 2008 წლისა და 1990-იანი წლების ომებს ერთმანეთს ადარებენ, ამბობენ, მაშინ ჯარი კი არა, ლაშქარი გვყავდა, მაგრამ მოტივაცია უფრო მაღალი იყოო. არ იყო ასე, მაშინდელი ბრძოლის მოტივი უცოდინრობით იყო გამოწვეული - არ ვიცოდით, სად მივდიოდით. ერთ სოფელში გახურებული ბრძოლები იყო, რამდენიმე კილომეტრის იქით კი მეორე სოფელში ბიჭები ქეიფის ხასიათზეც კი იყვნენ და საკბილოს ეძებდნენ. 

- რას ნიშნავს, საკბილოს ეძებდნენ?

-იმას, რომ მაშინ ერთი მიზნისთვის არ ვიბრძოდით. "დუხზე" ვიყავით მოსული, მაგრამ ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა, - ზოგს ანგარებიანი, ზოგსაც - უანგარო, მერე კი ყველაფერი ერთმანეთში აირია და ვინ რისთვის იბრძოდა, ძნელი გასარკვევი გახდა. იმათ, ვინც მართლა, სამშობლოს სიყვარულით იბრძოდა, არც საჭმელი ჰქონდათ, არც ჩასაცმელი და აღარც ტყვია-წამალი. სხვისთვის წართმევა არ შეგეძლო, ნაწილში კი იარაღს თუ მოგცემდნენ, ამისთვისაც მადლობა უნდა გეთქვა. ვერ ვიტყვი, უცოდველი კრავი ვიყავი-მეთქი. როცა ადამიანს ხელში იარაღს მისცემ და მერე მის კონტროლს ვერ შეძლებ, ის აუცილებლად რაღაც ბოროტებას ჩაიდენს; ძალიან მაღალი მორალი უნდა გქონდეს, რომ ასე არ მოიქცე... ომში წასვლამდე სულ რამდენჯერმე მქონდა იარაღი ნანახი. გადატენა და სროლაც კი არ ვიცოდი. ომში კი პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე მოვხვდი და მეთაურმა მკითხა, - იარაღი გაქვსო? - არა-მეთქი. მას სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა. მხრებზე გადაკიდებული "კალაშნიკოვებიდან" ერთ-ერთი მოიხსნა და გადმომიგდო. მახსოვს, რამდენიმე წუთი დაუმიზნებლად ვისროდი, მერე ვიღაცამ მხარზე ხელი წამომარტყა. თავი რომ ავწიე, ვიღაც ბიჭი სიცილით კვდებოდა, - მაგარ მუღამში ხარ შესული, მაგრამ უკან უნდა დავიხიოთო. "მუღამში" კი არა, შიშმა და თავდაცვის ინსტინქტმა გამაკეთებინა... იმ დღესვე მასწავლეს იარაღის გადატენაც და დამიზნებაც... ომის ტაქტიკის არაფერი გამეგებოდა, მაგრამ აფხაზეთში რა საშინელებაც ტრიალებდა, ამას პირველკლასელიც კი მიხვდებოდა. დიდხანს ვკითხულობდი, რაღასთვის გადავდიოდით შეტევაზე, თუკი რამდენიმე მეომრის დაღუპვის შემდეგ ისევ უკან დავიხევდით?.. ეს კითხვა აფხაზეთის ომის ვეტერანებს დღემდე გვაწუხებს, მაგრამ რაღა დროს?!. ერთხელაც, ადგილობრივმა ქართველმა ჩაიდნით ცხელი თურქული ყავა მოგვიტანა და ერთჯერად ჭიქებში ჩამოგვისხა. ცხელი სითხისთვის თვეების განმავლობაში არ დაგვიკარებია პირი და დავეწაფეთ. ამ დროს ბიჭებმა ამბავი მოიტანეს, აფხაზი ტყვეები გვყავს და წამოდითო. 

რამდენიმე ბიჭი გავქანდით... გაგრის რომელიღაც სოფლის ტყეში ვიყავით, სახელი არ მახსოვს. შუადღე გადასული იყო. საოცარი სიჩუმე იდგა. თითქმის დაცარიელებულ სოფელში მხოლოდ ძაღლების ყეფა ისმოდა. იმ სოფელში აფხაზები მხოლოდ რამდენჯერმე იყვნენ გავლით ნამყოფი, მაგრამ ჩვენებიც არ აკლებდნენ ხელს და იქაურობა მაინც გაპარტახებული და დაცლილი იყო... ერთი სიტყვით, ბანაკში რომ მივედით, მხოლოდ ერთი ბიჭი დამხვდა, გვარიანად ნაცემი იყო; დანარჩენები უკვე "გადაანაწილესო". ის ჩვენ უნდა წამოგვეყვანა და სავარაუდოდ, დაღუპულ ქართველებზე უნდა გაგვეცვალა. ბიჭი ჩემი ტოლი იქნებოდა. დაკონკილი ტანსაცმელი ეცვა. ეტყობოდა, რამდენიმე დღის აყვანილი ჰყავდათ ჩვენს ბიჭებს. შეშინებული არ იყო. ზიზღით მიყურებდა... უეცრად ბანაკში სროლა ატყდა. მივხვდით, რომ ჩვენს თავს კარგი არაფერი ხდებოდა და ავირიეთ. ვისაც ჩემზე მეტი გამოცდილება ჰქონდა, სროლის ხმას "გაჰყვა", მე კი მიბრძანეს, - ტყვესთან დარჩი და თვალი არ მოაცილოო. "მაკაროვი" ფეხზე შევაყენე, - გაქცევის შანსი არა გაქვს-მეთქი. ის მიწაზე დაჯდა. სულ მეუბნებოდნენ, ტყვეს დაჯდომის უფლება არ მისცეო, მაგრამ რატომღაც უარი ვერ ვუთხარი. სროლები შეწყდა. მომაწევინეო, - მთხოვა. სადაური ხარ-მეთქი? - ვკითხე. - ბიჭვინთელიო... თქვენებმა ოჯახი ამომიწყვიტეს, 4 წლის და მომიკლესო... ორივე მხარის სისასტიკეზე მოსმენილი მქონდა და მისი სიტყვები აინუნშიაც არ ჩამიგდია. ისე, სასხვათაშორისოდ ვკითხე, - რა გვარი ხარ-მეთქი? როცა მიპასუხა, ვიგრძენი, როგორ დამიბუჟდა ხელები: ეს ბიჭი, ჩემი მოსისხლე მტერი, რომელიც ჩემ წინ იჯდა და თვალებით მჭამდა, ჩემი მოგვარე აღმოჩნდა... არადა, ძალიან იშვიათი გვარი გვაქვს. ჩვენი გენეალოგია მამაჩემს დაზეპირებული ჰქონდა და ჩვენც დაგვაზეპირებინა. მისგანვე ვიცოდი, რომ ჩვენი გვარი თამარ მეფის დროიდან მოდის; მასვე უბოძებია თავადობა ჩვენი წინაპრისთვის. ზოგი ჩოლოყაშვილთან ერთად იბრძოდა და იმ წლებში დახვრიტეს, შემდეგ კი, სტალინის დროს, ნახევარზე მეტი "განაკულაკეს" და შუა აზიაში გადაასახლეს. მამაჩემი ამბობდა, 1950-იანი წლების ბოლოსთვის ჩვენი შტოს წარმომადგენელი სულ 10 კაცი დარჩა და ისინი მაშინდელ პატრიარქს ჩუმად დაულოცავსო... არ ვიცი, რომელი "დინების" ტალღამ წაიყვანა ჩემი ტყვის წინაპარი აფხაზეთში. მამა თავის მოგვარეებს ყველგან ეძებდა, მაგრამ აფხაზეთი არასდროს უხსენებია... ასე, ელდანაცემი ვიდექი რამდენიმე წუთი, მერე კი, როგორც იქნა, ამოვიღე ხმა და ვუთხარი, - მოგვარეები ვართ-მეთქი. გაფითრებული ბიჭი კიდევ უფრო გაფითრდა. საქმე ის არის, რომ ჩვენი გვარი ძე-ზე ბოლოვდება... 

 - ვიცი, რომ მაშინ ძალიან ცუდი სიტუაცია იყო და მეომრებს სამხედრო ფორმებიც არ ჰქონდათ. თქვენ თუ გქონდათ ფორმა და სამკერდეზე ხომ არ გეწერათ გვარი?

-კარგი, რა, სად გვქონდა ფორმა, მით უმეტეს წარწერიანი?!. აფხაზეთში შავი მაისურით წავედი და ჭრილობის მიღებამდე ის მეცვა... ამასობაში ჩვენი ბიჭები მოვიდნენ და ჩემი ტყვე "ვილისში" ჩასვეს. მეც მათ გავყევი. მთელი გზა ხმას ვერ ვიღებდი. დაჭრილი ხომ არა ხარო? - მკითხეს. - არა, უძილო ვარ-მეთქი. მივხვდი, რომ ეს ბიჭი ისეთ ადგილას მიჰყავდათ, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ ცოცხალს არ დატოვებდნენ... ვიგრძენი, იმწუთას როგორ შემეცვალა აზროვნება, ვეღარ ვხვდებოდი, ვინ მტერი იყო და ვინ    - მოყვარე, მე ვინ ვიყავი, იქ რა მინდოდა და რისთვის ვხოცავდით ერთმანეთს. გამახსენდა, რომ "პერესტრელკების" შემდეგ, ბიჭები ერთმანეთთან სალაპარაკოდ გადადიოდნენ და რამდენიმე საათის შემდეგ ისევ სისხლისმღვრელი ომი იწყებოდა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა "ომობანას", რომელსაც უბანში ბიჭები ვთამაშობდით, მორიგი შეტევის დასრულების შემდეგ, ერთმანეთს "გრეხებს" ვუხსენებდით და მერე ისევ თამაშს ვაგრძელებდით. ოღონდ იქ, წაგების შემთხვევაში, საქმე ცხვირ-პირის დამტვრევამდე მიდიოდა, აქ კი - სიკვდილამდე... უეცრად ერთ-ერთმა თქვა, - შევჩერდეთ, ბიჭები უნდა მოვიდნენო. მანქანიდან გადავიდნენ და შორიახლოს გაჩერდნენ, ისეთ ადგილას, სადაც გაჩერება სახიფათო იყო: ვინმეს ერთი ტყვია რომ ესროლა, მანქანიანად ჰაერში აგვწევდა. მე არ გადავსულვარ და როგორც კი ისინი თვალს მიეფარნენ, ამას ვუთხარი, - წადი აქედან-მეთქი. სანამ გონს მოვიდოდა, წიხლი ვკარი და მანქანიდან ჩავაგდე. ერთი კი შემომხედა გაოცებულმა და დაღმართზე თავგუდმოგლეჯილი დაეშვა... მაშინვე ორი ტყვია მივადევნე - ერთი ჰაერში ვისროლე, მეორე კი ხელისგულზე დავიხალე (ჩემი რესპონდენტი ტყვიისგან გაგლეჯილ და უსწორმასწოროდ შეხორცებულ კიდურს მიჩვენებს. - ავტ.)... რამდენიმე წუთში მოცვივდნენ ბიჭები. ფანჯრიდან გავიხედე თუ არა, დრო იხელთა და ჩემკენ გამოიწია-მეთქი; ისიც ვუთხარი, - ერთი ტყვია მივაყოლე და შორს ვერ წავიდოდა-მეთქი... ახლანდელი ომი რომ ყოფილიყო, საყვედურებით ამავსებდნენ, დაჭრილი და ნაცემი კაცი როგორ გაგექცაო, და სიმართლეც იქნებოდა. მაგრამ მაშინ ქართული ჯარი ჩემნაირი მოხალისეებით იყო სავსე... თუმცა ცოტა ხნის შემდეგ, ერთმა ბიჭმა მითხრა, - იქვე ვიდექი და ვნახე, როგორ გადმოყავი ხელი და ჰაერში ისროლე იარაღი, პალმის ტოტი ჩამოწყდა და ჩემ წინ დაეცა; ის ბიჭი გაშვებულს უფრო ჰგავდა, ვიდრე გაქცეულსო.

- მიხვდა?

-დიახ, მაგრამ არ შეიმჩნია... ომის დამთავრებამდე მასზე აღარც გვისაუბრია. შემდეგ კი ერთხელაც, დავთვერი და ყველაფერი მოვუყევი. უსიტყვოდ მისმინა, მერე კი მკითხა,

-მას შემდეგ არ შეგხმიანებიაო?! 

-ეს შეკითხვა მეც გამიჩნდა... 

-კი, დედამისმა მომძებნა, ოღონდ ნუ მომაყოლებთ - როგორ და ვისი დახმარებით. ჩვეულებრივი, ადამიანური ურთიერთობა გვაქვს.

-მოგვარე აფხაზის გაცნობამდე ტყვეებთან ურთიერთობა გქონიათ?

-კი, რამდენჯერმე. მაგრამ რუსული ცუდად ვიცოდი, ისინი კი, რომც სცოდნოდათ ქართული, იქვე რომ დაგეხვრიტა, მაინც არ დაგელაპარაკებოდნენ. ისე კი, ცოდვა გამხელილი ჯობს და, როცა ერთი-ორს წამოარტყამდნენ, ამისგან არც მე ვიკავებდი თავს... ომი კანონებს არ ცნობს. ისინიც ისე ექცეოდნენ ჩვენებს. იქ სხვანაირი ხდები, - ხან ძლიერი ხარ, ხან სასტიკი და დაუნდობელი, მაგრამ ხშირად - ფინია ძაღლივით მშიშარა და თავის მოკვლაზეც კი ფიქრობ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს კოშმარი. თუმცა ვიღაცის თუ რაღაცის შიშით ვერ ბედავ ამის გაკეთებას... ბიჭების წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და სოხუმის დაცემამდე იქიდან ფეხი არ მომიცვლია. 23 აგვისტოს კი სკოლის შენობა დაბომბეს და იქიდან პირდაპირ თბილისის მორგში მოვხვდი. დედამ მკვდრებში მიპოვა და სასწაულებრივად გადამარჩინეს. განახევრებული ჯანმრთელობითა და ფსიქიკით შემოვრჩი ამ ცხოვრებას... 

ჩემი რესპონდენტის დახმარებით, მის მიერ გადარჩენილ აფხაზ მეომართან დაკავშირება ვცადე, მაგრამ არც ისე ადვილი აღმოჩნდა, ვინაიდან იქაური უშიშროება სატელეფონო საუბარს მკაცრად აკონტროლებს. ქართველის ტყვიას გადარჩენილი აფხაზი კი ინტერნეტით არ სარგებლობს, რადგან ენგურს მიღმა ინტერნეტი ჯერ კიდევ ფუფუნების საგნად რჩება. 

 

ლალი პაპასკირი

 

http://iverioni.com.ge/10039-omis-damthavrebidan-ramdenime-thveshi-mivkhvdi-rom-qarthvelebthan-ar-unda-gveoma.html








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი